English / ქართული / русский /
ნიკა ქიტოშვილიანა ანუშიძე
აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები

ანოტაცია. ნაშრომის მიზანია აზერბაიჯანის, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის, ეკონომიკური პოლიტიკის მახასიათებლების განხილვა.

  1. პირველ რიგში, მოკლედ ვისაუბრებთ 2003 – 2013 წლებში აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ.
  2. შემდგომ,  განვიხილავთ აზერბაიჯანის თანამედროვე ეკონომიკურ პოლიტიკას როგორც ერთ-ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას.
  3. ბოლოს შევაჯამებთ აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის მახასიათებლებს, და გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს.

ნაშრომი ეყრდნობა ორ მთავარ საკვლევ კითხვას:

  • რაში მდგომარეობს აზერბაიჯანის ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურება?
  • არის თუ არა ყოფილი საბჭოთა კავშრის წევრი ქვეყნების ეკონომიკებს შორის მნიშვნელოვანი მსგავსება და კავშირი, თუ ისინი თანამედროვე მოცემულობით და აქამდე განვლილი გზების თავისებურებებით იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ რთულია რომელიმე ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ეკონომიკური მახასიათებლების ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნების განზოგადება დანარჩენებზე?   

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პოლიტიკა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ენერგეტიკული სექტორი.    

შესავალი

აზერბაიჯანი არის ახალგაზრდა, დამოუკიდებელი, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა რეგიონში მდიდარი ენერგეტიკული რესურსებით, გამორჩეულია გეოგრაფიული მახსიათებლებით, მდებარეობს ორი კონტინენტის შესაყარზე. ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობას დიდწილად განაპირობებს მის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენები და გაზსადენები. აზერბაიჯანმა რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი გაიარა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. აღნიშნული პერიოდი სამ ფაზად იყოფა: 1. 1991 – 1993; 2. 1993 – 2003 და 3. 2003-დან თანამედროვე პერიოდის ჩათვლით.  მთლიანობაში, სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის  საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის მიმართულებით განვითარების სტრატეგიები და პრიორიტეტები.  

აზერბაიჯანის, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის, 

ეკონომიკის ძირითადი მახასიათებლების მიმოხილვა

თანამედროვე აზერბაიჯანი არის ლიდერის სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, საიმედო საერთაშორისო პარტნიორი ენერგეტიკის სფეროში,  მდიდარი ენერგორესურსებით და წევრი საერთაშორისო საზოგადოების.  აზერბაიჯანმა რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებიდან დღემდე. აღნიშნული სირთულეები ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. პირველი: სირთულეები, რომლებიც ობიექტურად აქვს ახალ დამოუკიედებელ სახელმწიფოს, და ეს დაკავშრებულია გამოცდილების, ფინანსური და ადამიანური რესურსების ნაკლებობასთან; როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ ასპარეზზე ადგილის დამკვიდრებასთან; სახელმწიფო მექანიზმის ჩამოყალიბების რთულ და მეტად შრომატევად პროცესთან; შიდა პოლიტიკური სისტემის არამდგრადობასთან, და, რაც განსაკუთრებულად ართულებდა სიტუაციას, ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაზე მუშაობა დღემდე გრძელდება.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, რთული ვითარება იყო როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო არენაზე.  მე-20 საუკუნის დამდეგს, ვარშავის პაქტის დაშლით და საბჭოთა კავშირის კრახით, ძველმა ბიპოლარულმა სისტემამ და ბიპოლარული სისტემისთვის დამახასიათებელმა წესებმა აზრი დაკარგა, მსოფლიოში დამყარდა ახალი წესრიგი და ბიპოლარული სისტემა ერთპოლუსიან სისტემად გარდაიქმნა. ამ დროს რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვანი გარდაქმნები მიმდინარეობს: გერმანიის გაერთიანება, იუგოსლავიის დაშლა, ჩეხოსლოვაკიის გაყოფა, გეოპოლიტიკური ძვრები,  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დასავლური ორიენტაციის ფორმირება,  ევროპაცენტრულობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კულმინაცია. ამასთან, გაიზარდა ლოკალური კონფლიქტების და ომების რაოდენობა.  დაკვირვება გვაჩვენებს,  რომ ამ ლოკალურმა კონფლიქტებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში. საერთაშორისო სამართლის პრინციპების არად ჩაგდებამ, მათ შორის ლოკალური კონფლიქტების მიმართ, ეჭვები დაბადა ახალი მსოფლიო წესრიგის სამართლიანობასთან დაკავშირებით. მე-20 საუკუნე ხასიათდება ერთპოლუსიანი წესრიგიდან მრავალპოლუსიანზე გადასვლით. საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ, 15 ყოფილი მოკავშირედან: ლატვია, ლიტვა და ესტონეთი - მაშინვე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას დაადგნენ. სამივე მათგანი გახდა ევროკავშირის და ნატოს წევრი. დანარჩენები კი შეუერთდნენ რუსეთის მიერ დაფუძნებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანებას (დსთ). მათმა უმრავლესობამ ვერ შეძლო მტკიცე საგარეო პოლიტიკის გატარება ვერც შემდეგი ორი ათწლეულის მანძილზე. ცენტრალურ აზიაში ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მთავარი გამოწვევა იყო შეჯიბრი წყლის რესურსების მოპოვებისთვის, ხოლო კავკასიაში,  მოლდოვეთსა და უკრაინაში კონფლიქტების საფუძველი იყო ეთნიკურ-ტერიტორიული კონფლიქტები. საუკუნის მანძილზე საერთაშორისო და შესაბამისად რეგიონული წესრიგის ცვლილება, ბიპოლარულიდან უნიპოლარულისკენ და უნიპოლარულიდან მრავალპოლარულისკენ, დამატებული ლოკალური კონფლიქტებით, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებით, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საერთაშორისო საზოგადოების, მისი თითოეული წვერის და განსაკუთრებით კი, ჯერ კიდევ ახალ დამოუკიდებლობამოპოვებული სახელმწიფოებისთვის, მათ რიცხვში იყო აზერბაიჯანიც (De Waal, 2016).

ამასთან აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანა, დამოუკიდებლობის დასაწყისში იდგა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომლებიც საერთო იყო თითქმის ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნისთვის. აღნიშნულ გამოწვევებთან დაკავშირებით საუბარია ალექსანდრე რონდელის მონოგრაფიაში „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“. „საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოებში უაღრესად სუსტია სამოქალაქო საზოგადოების ელემენტები, ადგილობრივ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კულტურაში პრაქტიკულად არ იგრძნობა დემოკრატიის ტრადიციები და თვითშეგნებისა და თვითიდენტურობის ძირითადი და ხშირად ერთადერთი ფორმა ეთნიკური კუთვნილებაა. ამ სახელმწიფოთა საზოგადოებაში მძლავრობს „საბჭოთა“ მენტალიტეტი და მართვის „საბჭოური“ კულტურა. მოსახლეობაში კორუფციასთან ერთად ფესვები აქვს გადგმული ინიციატივის უქონლობას და ძლიერი ლიდერის იმედად ყოფნას, ეთნიკურ და რელიგიურ ქიშპს, ნაციონალიზმს და შოვინიზმს და ამის შედეგად სეპარატიზმსა და ირიდენტიზმს. ამავე დროს, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში შემორჩენილი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების მსხვრევა და ახალზე გადასვლა მიმდინარეობს. გარდამავალ პერიოდში კი ღრმა სოციალური და ეკონომიკური კრიზისი შეიმჩნევა და სახელმწიფო უკიდურესად არის დასუსტებული. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში არსებული სახელმწიფო საზღვრები ხშირად იყო გავლებული ვოლუნტარისტულად და პოლიტიკურ თუ კულტურულ წანამძღვრებს არ ეფუძნებოდა, რაც ეთნიკური და რელიგიური ქიშპის სერიოზული წყარო გახდა. როგორც წესი, პოსტსაბჭოურ ქვეყნებს ოთხი მთავარი პრობლემა აქვთ: საზოგადოებრივი ინსტიტუტების გარდაქმნა, ეკონომიკური პროგრესის მიღწევა, სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეთნიკური და კონფენსიური მშვიდობის უზრუნველყოფა“ (რონდელი, 2009).

რაც შეეხება თავისებურებებს, აზერბაიჯანის, როგორც დღეს რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის მახასიათებლებზე საუბრისას აღვნიშნე მისი მდებარეობა, ენერგეტიკული რესურსები, მასზე გამავალი სატრანსპორტო გზები, საიმედო საერთაშორისო პარტნიორის მყარი სტატუსი ეს სწორედ ის თავისებურებებია, რომლებიც განსაზღვრავს აზერბაიჯანის ეკონომიკას დღეს და მის სამომავლო წინსვლას.

მნიშვნელოვანია, აქვე ვახსენოთ ის ძრითადი პრიორიტეტები, რომლებიც ჩამოყალიბდა მეორე ფაზის დროს აზერბაიჯანში და რომელთა ერთგულებამაც მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა აზერბაიჯანს სხვადახვა, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. ეს პრიორიტეტებია:

  • საბაზრო ეკონომიკაზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული პლურალისტური დემოკრატიის განვითარება.
  • აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის  უსწრაფესი აღდგენის მიზნით დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება.
  • ქვეყნის უსაფრთხოების, პოლიტიკური დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებების და ქმედებების გაქარწყლება. 
  • სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ლისაბონის სამიტის პრინციპებზე დაფუძნებით, ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებების ფორმატში.
  • მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება.
  • ეკონომიკის დივერსიფიკაციის დაჩქარება, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარების, აზერბაიჯანის საუკეთესო სტრატეგიული და გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენების გზით.
  • ევროპული სატრანსპორტო კორიდორის განვითარება.
  • რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერება.
  • იარაღის და ნებისმიერი სახის უკანონო ტვირთბრუნვის აღკვეთა.
  • არსებული გლობალური რეჟიმების ერთგულება, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, სამხრეთ კავკასიაში არაბირთვული ზონის შექმნა.
  • კასპიის ზღვის დემილიტარიზაცია.
  •  ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურებთან თანამშრომლობა და ინტეგრაცია.

აზერბაიჯანმა დაუჯერებლად რთული და მძიმე პერიოდი გაიარა დამოუკიდებლობის დასაწყისში. სომხეთი აგრძელებდა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას. ირღვეოდა ძველი სისტემა. ეკონომიკა განიცდიდა რეცესიას. ირღვეოდა შიდა სტაბილურობა. სომეხთა დიასპორა მისი სომხური ლობით, ითვლება სომხეთის მთავარ დასაყრდენად და ქმნიდა სათანადო განწყობებს საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის საწინააღმდეგოდ,  მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი მსხვერპლი იყო საომარი აგრესიის. დამოუკიდებლობის პირველ წლებში აზერბაიჯანის  საგარეო პოლიტიკას მნიშვნელოვან წინაღობებს უქმნიდა სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაცია და საერთაშორისო არენაზე სომხური ლობის მხრიდან აქტიური ანტიაზერბაიჯანული განწყობების დანერგვა.  დამოუკიდებლობის პირველ წლებში, პირველ ფაზაში, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის იმპულსური ხასიათის და სისტემური მიდგომის არარსებობის შედეგად, აზერბაიჯანი იზოლირებული გახდა საერთაშორისო არენაზე. სომხური დიასპორის გავლენით აზერბაიჯანს ურთიერთობა გაუფუჭდა მეზობელ ქვეყნებთან. ქვეყანა მოექცა საინფორმაციო ბლოკადაში. ამიტომ დამოუკიდებლობის პირველი წლები, როგორც წესი, ფასდება როგორც  აზერბაიჯანის ისტორიის დაკარგული წლები (De Waal, 2016).

ქვეყნის აღმავლობა დაიწყო 1993 წელს, ალიევის მმართველობაში დაბრუნების პერიოდიდან. საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, რომლის ინიცირებაც მან მოახდინა   მიმართული იყო ქვეყნის გადარჩენისკენ, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა და შემდგომი განვითარებისკენ. ამ საგარეო პოლიტიკამ სრულად შეცვალა აზერბაიჯანის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე.  გადარჩა საერთაშორისო იზოლაციისგან, იჭერდა ბალანსირებულ საგარეო პოლიტიკას, გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას, ამასთან ეკონომიკურ პოტენციალს ეფექტიანად იყენებდა თავისი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

ბალანსირებული საგარეო პოლიტიკა, მრავალვექტორულობა, თანამშრომლობა, თანაბარი ურთიერთობები საერთაშორისო აქტორებთან, საიმედო პარტნიორობა, პრაგმატული პოლიტიკური კურსი,  გამყარებული დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების პრინციპით, იყო ჰეიდარ ალიევის მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკის სტრატეგიის საფუძვლები. აზერბაიჯანში დაიწყეს დაბალანსებული და მრავალვექტორული პოლიტიკის გატარება, ამასთან ითვალისწინებდნენ მათ განსაკუთრებულ მდებარეობას რეგიონში. ეს იყო ძირითადი პრინციპები, რომლებიც დღესაც მოქმედებს. აზერბაიჯანმა გააკეთა ცხადი არჩევანი სტრატეგიის თვალსაზრისით 1993-2003 წლებში და  ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ქვეყნის  წარმატება.  დამოუკიდებელი პოლიტიკა, დაფუძნებული ეროვნულ ინტერესებზე, წარმოადგენს აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს.  მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გლობალიზაციის პირობებში დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება რთულია. აზერბაიჯანმა დაიწყო დაბალანსებული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარება, მიიღო რა მხედველობაში რეგიონში მისი მდებარეობის უნიკალურობა  (Habibbeyli, 2017). 

დასკვნა

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის მშენებლობასთან დაკავშირებული რეფორმები ფართო მასების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან მოსალოდნელი საერთო კეთილდღეობის ნაცვლად, ისინი საზოგადოების მკვეთრად არათანაბარ გადანაწილებას და საერთო დაძაბულობას ქმნის, ეს კი მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის განვითარების გზაზე. ამას ემატება ის გამოწვევები, რომლებიც, როგორც წესი, საერთოა პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის: საზოგადოებრივი ინსტიტუტების გარდაქმნა, ეკონომიკური პროგრესის მიღწევა, სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეთნიკური და კონფენსიური მშვიდობის უზრუნველყოფა.  საზოგადოებრივი ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ეკონომიკის ზრდა, რესურსების გონივრულ, მდგრად გამოყენებასთან, უცხოური კაპიტალდაბანდებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასთან, საზოგადოებრივი ინსტიტუტების გამართულ მუშაობასთან, ადამიანური კაპიტალის გონივრულ მართვასთან არის დაკავშირებული. აზერბაიჯანმა თავისი გეოგრაფიული მდგომარეობა, ენერგეტიკული რესურსები მთავარ დასაყრდენად აქცია საბაზრო ეკონომიკის განვითარების საქმეში. ამას დაემატა მტკიცე ნაბიჯების გადადგმა საიმედო საერთაშორისო პარტნიორის სტატუსის მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის, რამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მოუტანა აზერბაიჯანს როგორც ერთი მხრივ ენერგეტიკული რესურსების ექსპორტიორ და როგორც ტრანზიტ ქვეყანას.  

გამოყენებული ლიტერატურა

  1. რონდელი, ალექსანდრე. 2009. პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში.
  2. De Waal, Thomas. 2016.  Azerbaijan at 25: A New Era of Change and Turbulence.
  3. Habibbeyli, Arastu. 2017.  Reconsidering Azerbaijan’s Foreign Pplicy on the 25 th Anniversary of Restored Independence.
  4. International Journal of Business and Social Research (IJBSR), Volume -3, No.-5, May, 2013,  The Glaring Socioeconomic Meltdown in Post-Soviet Ukraine, Moldova, and Belarus: A Distorted Mindset in Search of a Way Out,  Olesea Ghedrovici Moldavian Academy of Economic Studies Chişinău, Moldova,  Nikolai Ostapenko University of the District of Columbia Washington, D.C.
  5. Former Soviet Union Countries at Twenty-five: Social and Economic Trends, By Mariya Pak, PhD, The European Research and Analysis – ERA Institute
  6. 19th International Conference Enterprise and Competitive Environment 2016, ECE 2016, 10–11, March 2016, Brno, Czech Republic, The post-soviet countries – development and structure of economy:Is there any potential for future regional integration? Irena Benešováa,*, Luboš Smutkaa, Czech University of Life Sciences in Prague, Kamýcká 129. Prague 6 – Suchdol, 165 21, Czech Republic